Thursday, January 8, 2015

"ღმერთი მოკვდა" - ფრიდრიხ ნიცშე

ძალიან საინტერესო ფრაზაა, დღეს მომიწია დაფიქრება მასზე...
ალბათ ყველას სმენია მსგავსი ფრაზები:
- კი კი მწამს რათქმაუნდა, არა, ისე მოძღვარი არ მყავს, მაგრამ სანთელს ყოველთვის ვანთებ..
- მართლმადიდებელი ვარ, ქართველი ვარ ბოლოს დაბოლოს, მაგრამ ხომ იცით ისეთი ცხოვრებაა, ვერ ახერხებ ადამიანი მთლად ისე იცხოვრო..
- მორწმუნე ვარ, მაგრამ ეკლესიური არა..
- ნინოს საპატრიარქოში ნაცნობი ჰყავს და იქნებ რამენაირად მოანათლინოს პატრიარქს ჩემი პატარა ნიკოლოზი, ხომ იცი რამხელა მადლია... და კიდევ მსგავსი ძალიან ბევრი..
საქმიანი, ოდნავ დაბნეული სახე და ნეტარი, თუმცა ამა ქვეყნის ამაოებისგან ოდნავ გაცრეცილი თვალები.. არ გახსენდებათ რაიმე მსგავსი? მე ასეთიც კი შემხვედრია:
-  "ქრისტიანი ვარ ბიჭო, ჩემი დედას შევ***ი!"
ფარისევლობას ხომ ვერ დავმალავთ.. მორწმუნეების საზოგადოება მეტწილად იტყუება.. ისევ ნიცშეს სიტყვებს მოვიშველიებ: "მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს"... მსგავსი ადამინები ორივეს ერთად სჩადიან.
მრევლი აღიარებს პრინციპებს, მცნებებს ეთაყვანება და იმიტირებულად განიცდის მათ, აი მეტი-მეტი სიწმიდისგან მოკლედ აღარ იციან რა ქნან...  მაგრამ ეს ადამიანები არ ცხოვრობენ ამ პრინციპებით, ყველა თავისი პირადი, არარელიგიური გრძნობებით და მისწრაფებებით სულდგმულობს, ასე ვთქვად ფარულად, თუმცა ისინი არ განიკიცხებიან მანამ, სანამ აშკარად არ განუცხადებენ გარემოს თავის რეალურ პიროვნებას და აი მაშინ, ფსევდო ქრისტიანები, ფსევდო მორალისტები და აგრეთვე სასულიერო პირები, უქმნიან მათ საზოგადოებრივ წნეხს, უცხადებენ ბოიკოტს და ისე კი, რეალურად, რათქმაუნდა თვითონვე არ ასრულებენ თავიანთ დაწესებულ მცნებებს, უბრალო ფორმალობებით იფარგლებიან და მშვიდდებიან. აი ახლა ინდულგენციები გამახსენდა უნებურად... რომის პაპი. დასავლეთმა ღმერთის მკვლელობა ალბათ სადღაც პაპის კულტის დაარსებისას დაიწყო.. მაგრამ რა აზრი აქვს პაპი იქნება თუ პატრიარქი?! ეს ყველაფერი ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული, ერთმანეთის მარად მაგინებელი (წმიდა ქრისტიანული მორალის შესაბამისად რასაკვირველია) ერთი ხის ტოტებია (ხეს კი რახანია მოჰკვეთეს ფესვები და დაკარგეს ან მიჩქმალეს.. ეს ცალკე თემაა)...  ჰოდა, რა აზრი აქვს პაპი იქნება თუ პატრიარქი?! მაგალითად საქართველოში დღეს ხდება კათალოკოს პატრიარქის ილია II - ის(შიოლაშვილის) პიროვნების კულტივირება. არ გამოვრიცხავ მოგვიანებით წმიდანადაც შერაცხონ. წმიდანებზეც შევჩერდები და პირდაპირ ვიტყვი, რომ დღეს წმიდანებთან მიდგომა მრევლში, წმინდა წყლის კერპთაყვანისმცემლობაა და მეტიც, არის შემთხვევებიც, როდესაც წმიდანი უშუალოდ ერწყმის წარმართულ "ხვთისშვილს"...
აი ამ კუთხით თუ მივუდგებით, მრევლმა მართლაც მოკლა ღმერთი, მეტადრე ევროპაში იქ, სადაც ნიცშე ცხოვრობდა.. ახლა ქრისტიანულ სამყაროში დიდი კრიზისია, ერთგვარი შეფარული პანაშვიდი, სლენგი რომ ვიხმაროთ დიდი "ტასკა", რაც გამოიხატება ადამინთა დაშორებასა  და ერთმანეთისადმი მიმართულ აგრესიაში. და ამ პანაშვიდს ვერ დაინახავს ადამიანი, სანამ "ღმერთი მოკვდა" - ს აღიქვავს მატერიალურ დონეზე, შეიძლება ისიც კი იკითხოს გვამი სად ჩამოვარდაო... მატერიალიზმი კი პოსტ საბჭოთა მრევლში კარგად რომაა ფესვგადგმული თავადაც უწყით... ყველაფერი ძალზე სეკულარიზებულია.
მას შემდეგ რაც ჩემი აზრი მოგახსენეთ ფარისეველ მრევლზე - როგორც ღმერთის მკვლელზე, მინდა მეორე კუთხით შევხედოთ ამ საზარელი მკვლელობის ამბავს. ეს ფარსი და ფორმალური მორწმუნეობა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების პარალელურად ნელნელა განიდევნა; დღეს უფრო გაგებით ეკიდებიან, თუ ყველას თვალში ძალიან "ზნეობრივი" და "მორალური" არ ხარ და საზოგადოება თუ სასულიერო პირები ამისათვის ანათემას აღარ გადაგცემენ. ღმერთის არსებობის უპირობო აღიარება და მისი "ნების" აღსრულების ინსტიტუტი სავალდებულო აღარაა. ეს ტენდენცია შეინიშნებოდა ნიცშეს დროსაც XIX საუკუნის მიწურულს, როცა იგი ამ მკვლელობაზე ალაპარაკდა. ღვთაების  ქრისტიანული ინტერპრეტაცია გავლენას კარგავდა საზოგადოებაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მანამდე არსებულ ინტერპრეტაციებს მოუვიდათ, როგორ გითხრათ, ჩემი აზრით ეს ძალზედ ბუნებრივი პროცესი და მოვლენაა, ადრე თუ ღმერთი მზე იყო, მერე მთვარე იყო, იყო ცხოველი და ფრინველიც იყო, ცეცხლი და ქვაც კი იყო ღვთაება.. ისინი დაიხოცნენ. განა ცოტა ღმერთი ახსოვს ისტორიას? აი თუნდაც მთელი ბერძნული პანთეონი, მრისხანე ზევსი და შურისმაძიებელი ჰერა, განსწავლული ათენა და მშვენიერი აფროდიტეც კი ერთ მშვენიერ დღეს დაიხოცნენ და ოლიმპოს მთიდან მოსაწყენი მითოლოგიის სამყაროში გადაინაცვლეს, მშრომელი ჰეფესტო კი ისე გადააბარგეს ჰადესის საუფლოში  პენსიაც კი არ აღირსეს, არადა მოგეხსენებათ იმხელა უროს ქნევა უბრალო საქმე არაა..  რაც შეეხება ქრისტიანების ღმერთს და კიდევ მის ძეს იესოს - სიტყვას, ჰო მართლა სადღაა სიტყვა? ცარიელი სიტყვა ვიღას სჭირდება, ამიტომაც გონიერმა სასულიერო პირებმა ძლევამოსილი და სწრაფშემწე წმიდანებით ჩაანაცვლეს, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ აღუდგა წინ ქრისტიანული ღვთაების სიკვდილს - დღეს საზოგადოებაში უკვე შეუფარავია არაქრისტიანობა. აღარ ხდება იმის მტკიცება საჭირო რომ სინამდვილეში (ან გულის სიღრმეში) შენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ.
მესამე კუთხე რომლითაც მე დავინახე ეს ფრაზა შეიძლება ნიცშეს დროს არც ჩანდა, მაგრამ დღეს ეს ყოველივე უკვე ნათლია, მე ვსაუბრობ არა ღმერთის სიკვდილზე, როგორც ღმერთი მოკვდა - გაუმარჯოს ღმერთის ფენომენზე, არამედ ღმერთის როგორც ცნების სიკვდილზე. რაც გვიახლოვდება და დამოკიდებულია ადამიანის შეგუებაზე "უღმერთო სამყაროსთან".
საერთოდ, სამეცნიერო თეორიები გაცილებით ადრე არსებობდა ვიდრე დღეს ჰგონიათ. რელიგია დოგმებით და სტერეოტიპებით საუკუნეების განმავლობაში აფერხებდა მეცნიერების და ზოგადად ადამიანის ცნობიერების განვითარებას, თორემ გაცილებით ადრე რამოდენიმე საუკუნის წინ მოხდებოდა ის რაც მოხდა მეოცეში. რელიგიამ, შესაძლოა თავის გადასარჩენადაც კი, საუკუნეებით შეაფერხა აღნიშნული პროცესი თუმცა საბოლოოდ ის მაინც დაიწყო. დღეს პოსტმოდერნისტული ეპოქაა და ცივილიზაცია, ინტელექტი და ადამიანის მდგომარეობა ითხოვს კიდევ ერთ გარდატეხას, რაც პირადად მე ასე მესახება: ჰომოსაპიენსი გონებრივი ევოლუციის ხარჯზე საკუთარი მრწამსიდან განდევნის პიროვნული, მისგან დამოუკიდებელი, შეუცნობელი ღვთაების ყველა იდეალს და დაიწყებს გარემომცველი რეალობის შეფასებასა და შეცნობას რელიგიურად მიუკერძოებელი ანალიზის საფუძველზე. აი აქ მოკვდება ყველა რელიგია, ყველა ბიზნესი, ადამიანთა შიშზე და უბედურებაზე რომაა აწყობილი და შეწყდება საიქიო პერსპექტივებით თაღლითობა!
 ჩემი აზრით ამ დროს მისტიურ საბურველს მოიხსნის ოკულტური მეცნიერება და აკადემიურ მეცნიერებებთან სინთეზში ახლებურად დაგვანახებს იმ მრავალ ფაქიზ მატერიასა და ძალას, რომლის დახმარებითაც ადამიანი არსებითად გადავა ევოლუციის ახალ საფეხურზე და შეიმეცნებს იმას რითაც უწინ მასზე მანიპულირებენ. აი აქ მოკვდება ღმერთი როგორც არამხოლოდ ცალკეული პანთეონის წარმომადგენელი ღვთაება, არამედ როგორც ცნება!! ...